მარნეულის რეგიონი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, ქვემო ქართლის ისტორიული პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, ზღვის დონიდან 420 მეტრზე. მუნიციპალიტეტი ესაზღვრება გარდაბანს აღმოსავლეთის მხრიდან, თეთრწყაროს ჩრდილოეთით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს დასავლეთით, ხოლო სამხრეთიდან ესაზღვრება სომხეთსა და აზერბაიჯანს.
მუნიციპალიტეტი ითავსებს სახელმწიფოთაშორისი დერეფნის ფუნქციას - წითელი ხიდი რაიონს აზერბაიჯანთან აკავშირებს, ხოლო სადახლო სომხეთთან.
მუნიციპალიტეტის ცენტრი გახლავთ მარნეული, რომელიც თბილისიდან 30 კილომეტრით არის დაშორებული.
მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობი არის 935,2 კვ.კმ. და იგი მოიცავს 18 ტერიტორიულ ერთეულს. ერთ-ერთი მათგანი არის ქალაქის, ხოლო მეორე კი დაბის ტიპის. დანარცენი 16 დასახლება ჯამში 79 სოფლისგან შედგება. საშუალო ტემპერატურა გახლავთ 12,1 C0. მთლიანი წლიური საშუალო ნალექი არის 400-500 მმ. ქარის სიჩქარე არის 2-4 მ/წმ, მუნიციპალიტეტში შეხვდებით ოთხ მდინარეს: ალგეთი, ხრამი, დებედა და შულავერი.
შესაძლებელია რამდენიმე მინერალური რესურსის მოპოვებაც, მაგ: ბაზალტი, მარმარილო, თეთრი ტუფი და ა.შ.
მუნიციპალიტეტში ცხოვრობს დაახლოებით 136 ათასი ადამიანი. 48% კაცია, ხოლო 52% ქალი. ეთნიკური მონაცემები: აზერბაიჯანელები - 83,1%; ქართველები - 8%; სომხები - 7.9% და 0,6% სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ლანდშაფტი ძალიან ლამაზია. აქ წააწყდებით ბუნების სხვადასხვა ტიპებს: ნახევრად-უდაბნო, შერეული ტყეები ან მთები სადაც ზამთარი 7-8 თვეს გრძელდება.